English / ქართული / русский /
ეთერი ხარაიშვილი
მწვანე ეკონომიკის თანამედროვე გამოწვევები და მათი დაძლევის ზოგიერთი გზა საკუთრების უფლების რეგულირების მექანიზმებით

ანოტაცია.სტატიაში შეფასებულია ეკონომიკური განვითარებისა და ფუნქციონირების მოსალოდნელი ცვლილებები მოსახლეობის მხრიდან  შეზღუდულ რესურსებზე  გაზრდილი  მოხმარების პირობებში. საერთო სარგებლობის რესურსების გადაჭარბებულად გამოყენების ფონზე დასაბუთებულია მწვანე ეკონომიკის როლი რესურსების ეფექტიან გამოყენებასა და ეკონომიკურ ზრდაში. თეორიული და ემპირიული მაგალითების შესწავლის საფუძველზე გამოვლენილია მწვანე ეკონომიკის თანამედროვე გამოწვევები, მათგან განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად არის მიჩნეული   გარემოზე  სიღარიბისა და სიმდიდრის ზეგავლენის პირობების შესწავლა. 

ნაშრომში  შეფასებულია განვითარებად ქვეყნებში მწვანე ეკონომიკის განვითარების მნიშვნელობა  ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური სარგებლის ზრდაში.  გაკეთებულია დასკვნა, რომ საქართველოში  რესურსების არაეფექტიანი გამოყენების დონე ჯერ კიდევ მაღალია,  ძირითადი აქცენტი რესურსით სარგებლობაზე და არა მის წარმოებაზეა გადატანილი, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში.

 საერთოსარგებლობაშიარსებულ  რესურსებზეხელმისაწვდომობისრეგულირების მთავარ ბერკეტად მიჩნეულია   სამთავრობო რეგულაციები, ასევე, სახელმწიფოთაშორისიხელშეკრულებები, განსაკუთრებით აქტუალურია ზოგიერთ თავისუფლადხელმისაწვდომრესურსზეკერძოსაკუთრებისდაშვება.

სტატიაში დადგენილია ის ძირითადი მიზეზები, რომლებიც  გარემოს დაცვის პრობლემებს ქმნიან. დასაბუთებულია, რომ კერძოსაკუთრებისუფლებაუზრუნველყოფს გარემოსეფექტიან დაცვას,  ხელს შეუწყობსბუნებრივი რესურსების გონივრულ   გამოყენებას.რესურსებზე საკუთრების უფლებებს შორის ერთ-ერთ ფუნდამენტურ საკითხად მიჩნეულია  მიწაზე საკუთრების ფორმების შეთანაწყობა.  დადგენილია, რომ მიწისსაკუთრებისადასარგებლობისსფეროშიბევრიპრობლემაარაეფექტიანი  მართვით არის გამოწვეული. საკუთრებისადასარგებლობისსისტემის რეორგანიზაცია და ევროპულ სტანდარტებთან მათი შესაბამისობა ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ გზად არის განხილული.

სტატიაში გაკეთებულია დასკვნები და შემოთავაზებულია რეკომენდაციები მწვანე ეკონომიკის თანამედროვე გამოწვევების გადაჭრის გზების შესახებ საკუთრების უფლების რეგულირების მექანიზმებით.

საკვანძო სიტყვები: მწვანე ეკონომიკა, თანამედროვე გამოწვევა, საკუთრების უფლება, რეგულირების მექანიზმი.

* * *

თანამედროვე მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობამ 7 მილიარდს გადააჭარბა და ტენდენცია კვლავ ზრდადია (კვლევა, 2018). შესაბამისად იზრდება მოსახლეობის მოთხოვნა საკვებზე, წყალზე, ენერგიაზე, ნედლეულსა და სხვადასხვა სახეობის რესურსზე. მკვლევარების მიერ რთული შესაფასებელია ეკონომიკური განვითარებისა და ფუნქციონირების მოსალოდნელი ცვლილებები მოსახლეობის მხრიდან  შეზღუდულ რესურსებზე მნიშვნელოვნად გაზრდილი მოხმარების ფონზე. თეორეტიკოსები აღიარებენ, რომ ადამიანები გადაჭარბებულად იყენებენ როგორც კერძო, ასევე ინდივიდთა ჯგუფის მფლობელობისა და საერთო სარგებლობის რესურსებს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მოსახლეობის ზრდასა და რესურსების მოხმარებას შორის დისბალანსი ღრმავდება და ეკონომიკური ზარალი გარდაუვალი იქნება (Population  Growth).

ადამიანები განსაკუთრებით არაეფექტიანად იყენებენ საერთო განახლებად რესურსებს. საკმაოდ ხშირია თავისუფლად ხელმისაწვდომი განახლებადი რესურსების  უფასოდ ან მცირე საფასურის სანაცვლოდ გამოყენების შემთხვევები (სუფთა ჰაერი, მიწისქვეშა წყლები, ოკეანე, ოკეანის პროდუქტები და სხვ.). ასეთი  რესურსების დიდი ნაწილი უკვე დეგრადირებულია და ეს პროცესი განიხილება როგორც საერთო რესურსების ტრაგედია (Charles Anukwonke, 2015). აღნიშნული გამოწვევის დასაძლევად სხვადასხვა შესაძლებლობა განიხილება, მათ შორის მნიშვნელოვანია საერთო სარგებლობაში არსებულ  რესურსებზე ხელმისაწვდომობის რეგულირება როგორც სახელმწიფოს შიგნით არსებული მექანიზმებით, ასევე სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებებით. განსაკუთრებით აქტუალურია ზოგიერთ თავისუფლად ხელმისაწვდომ რესურსზე კერძო საკუთრების დაშვება.

კერძო საკუთრების უფლება მნიშვნელოვან როლს შეიტანს გარემოს დაცვის გაუმჯობესებაში, ამასთან, ხელს შეუწყობს ბუნებრივი რესურსების ეფექტიან გამოყენებას. საკუთრების უფლება  გარემოს დაცვის შესაძლებლობებს შემდეგი ძირითადი მიზეზებით განაპირობებს:

  • მფლობელებს მეტი  სტიმული ექნებათ რესურსების ეფექტიანად გამოყენებისათვის, ასევე მათი კონსერვაციის უზრუნველსაყოფად.  
  • კერძო საკუთრების უფლების დროს  რესურსები სათანადო მართვის ჩარჩოებში მოექცევა, შესაბამისად მათი ღირებულება და ამონაგები ეფექტიანი მართვის გზით გაიზრდება. ცხადია, თუ მფლობელი რესურსებს არასწორად მართავს და გარემოს აბინძურებს, იგი ზარალის ანაზღაურების საშიშროების წინაშე დგას.
  • რესურსზე  საკუთრების უფლება მისი ღირებულების მაქსიმიზაციას გამოიწვევს გრძელვადიან პერიოდში და სხვა.

თანამედროვე ევროპაში დღეს აქტიურად მიმდინარეობს დისკუსია მწვანე და მდგრადი ეკონომიკის განვითარების პერსპექტივების შესახებ. მდგრადი განვითარება  სამი ურთიერთდაკავშირებული სფეროს (ეკონომიკური, სოციალური და გარემოს დაცვა)   პროპორციული თანაფარდობის დაცვით უნდა განხორციელდეს. მიმდინარე ეტაპზე ამ სფეროებს  შორის აშკარა დისპროპორციაა. გამოკვეთილია ეკონომიკური ზრდისადმი გადაჭარბებული ყურადღება სოციალური და გარემოს საჭიროებების ნაკლებად გათვალისწინების გარეშე. აღნიშნული პრობლემა  ვლინდება როგორც გლობალურ, ისე ეროვნულ დონეზე. სტაბილური განვითარებისათვის აუცილებელია  დისპროპორციის შემცირების ღონისძიებების დასახვა.

მწვანე ეკონომიკის ზემოთ აღნიშნული გამოწვევების  დაძლევის შესაძლებლობებს შორის მნიშვნელოვანია საკუთრების უფლების შეფასება. შესაბამისად, კვლევის მიზანია მწვანე ეკონომიკის თანამედროვე გამოწვევების გამოვლენის საფუძველზე  მათი დაძლევის რეკომენდაციების შემუშავება საკუთრების უფლების რეგულირების მექანიზმებით.

მწვანე ეკონომიკის განვითარება უშუალოდ არის დაკავშირებული წარმოებასთან, განსაკუთრებით მიწათსარგებლობის ეფექტიან გამოყენებასა და ბიოლოგიური სისტემების დაცვასთან (Skakelja, 2017). აღნიშნული პრობლემა  აქტუალურია საქართველოსთვის, სადაც აგრობიზნესის სფეროში მიღწეული შედეგები საკმარისი არ არის კონკურენტუნარიანი წარმოების უზრუნველსაყოფად (Kharaishvili, 2018). პრობლემის მოგვარება საქართველოსთვის ტრადიციული დარგების  კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და მომიჯნავე დარგების განვითარებასაც  შეუწყობს ხელს (Kharaishvili, 2017). ამასთან, მწვანე ეკონომიკის გამოწვევების დასაძლევად მნიშვნელოვანია მისი ეკონომიკური შეფასების მეთოდოლოგიის გაუმჯობესება, ალტერნატიული გაზომვის მიდგომების შემუშავება. ახალი მეთოდოლოგიებისა  და მონაცემთა წყაროების მექანიზმების გამოყენება.

საკუთრების უფლებების ფორმებზე დამოკიდებულია გარემოზე რესურსების  გამოყენების გავლენის დადგენა. გარემოზე ზემოქმედება განსაკუთრებით  ხელშესახებია რესურსების ფართომასშტაბიანი გამოყენების დროს (Resource Efficiency,  2017:55).

მსოფლიოში დღეს ყველაზე მთავარ გამოწვევად  წყლისა და საკვების მიწოდების კრიზისი განიხილება, განსაკუთრებით ზრდადია წყალზე მოთხოვნა (Resource Efficiency,  2017:71). უკიდურესი არასტაბილურობაა ენერგეტიკისა და სურსათის ფასებში, შემაშფოთებლად  ზრდადია  სათბურის გაზების გამოყოფაც, ასევე დიდია შემოსავლის უთანასწორობა და სხვა. ეს გამოწვევები განვითარებად ქვეყნებში კიდევ უფრო მეტი სიმწვავით დგას (Green Growth and Developing Countries, 2012).

მწვანე ეკონომიკის განვითარება განვითარებად ქვეყნებში უზრუნველყოფს როგორც ეკონომიკური, ისე, გარემოსდაცვითი და სოციალური სარგებლის ზრდას.  ეკონომიკური სარგებელი შესაძლებელია იყოს:მწვანე პროდუქტების  წარმოების ზრდით გამოწვეული მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა, პროდუქტის ან მომსახურების დივერსიფიკაცია,  ეკონომიკური რისკების მართვის გაუმჯობესება და რისკების შემცირება, თანამედროვე  მწვანე ტექნოლოგიების გამოყენებით ინოვაციური ზრდა და სხვა.

მოსალოდნელ გარემოსდაცვით სარგებლად განიხილება  ბუნებრივი რესურსების გამოყენების ეფექტიანობა, ხოლო სოციალურ სარგებლად - გაზრდილი საარსებო პირობები, შემოსავლებისა და/ან ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, განსაკუთრებით ღარიბი მოსახლეობის, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა,  ცხოვრების დონის უთანასწორობის გამოთანაბრება, მწვანე პოლიტიკა და გარემოს დაცვა.

დღეს ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ინოვაციის და ტექნოლოგიური განვითარების დონის ასამაღლებელ მიმართულებებზე. ,,ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მთავარ ამოცანას  ინოვაციური საქმიანობის და უახლესი ტექნოლოგიების გადაცემის და დანერგვის კომპლექსური ხელშეწყობა წარმოადგენს როგორც ეროვნულ, ისე რეგიონულ დონეზე. სახელმწიფო წაახალისებს გარემოს დაცვაზე ორიენტირებული თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას და „მწვანე ეკონომიკის“ განვითარებას“ (საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, 2014:39).

საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის საკუთრების უფლების დაცვის გაძლიერება.   საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების დაცვის თვალსაზრისით, აუცილებელია საკუთრების უფლების დაცვის გაძლიერება სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის გზით, ასევე მნიშვნელოვანია ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის მექანიზმების სრულყოფაც (საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, 2014:32).

მწვანე ეკონომიკის თანამედროვე გამოწვევებიდან მნიშვნელოვანია  გარემოზე  ზეგავლენის პირობების შესწავლა. გარემოზე გავლენას ახდენს როგორც სიღარიბე, ისე, სიმდიდრე. სიღარიბე გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ცალსახად უარყოფით ზეგავლენას ახდენს.  სიღარიბის პირობებში  ადამიანები ვერ იკმაყოფილებენ ძირითად მოთხოვნებს საკვებზე, წყალზე, თავშესაფარზე, ჯანმრთელობასა და განათლებაზე.  ადამიანთა აღნიშნული ჯგუფი გადაჭარბებულად მოიხმარს ბუნებრივ რესურსებს და შესაბამისად  გარემოს დეგრადაცია მიმდინარეობს. სიღარიბესთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი, ჯანმრთელობისა და სოციალური პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთი გზა შეიძლება იყოს  ამ საკითხების პოლიტიკური რეგულირება. რაც შეეხება სიმდიდრეს, იგი გარემოზე მოქმედებს როგორც დადებითად, ასევე  უარყოფითად. უარყოფითად ზემოქმედების კონტექსტში უნდა განვიხილოთ მდიდრების მიერ დიდი რაოდენობით რესურსების გამოყენება, შესაბამისად დიდი რაოდენობით ნარჩენების წარმოქმნაც. მაგალითად, გათვლებით დადასტურებულია, რომ ერთი წლის განმავლობაში აშშ-ს მოსახლეობის მიერ  7,9 მილიარდის ღირებულების რესურსი მოიხმარება წელიწადში. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობა ინდოეთის მოსახლეობაზე ნაკლებია, აშშ-ში 30-ჯერ მეტ რესურსებს მოიხმარენ, ვიდრე ინდოეთში.  ღარიბ ქვეყნებთან შედარებით კი ეს მაჩვენებელი  100-ჯერ მეტია. მონაცემების ანალიზმა ცხადყო, რომ განვითარებული ქვეყნების გარემოზე უარყოფითად ზემოქმედების შედეგები გაცილებით მაღალია, ვიდრე  განვითარებადი ქვეყნებისა.  თუმცა, შესაძლებელია სხვა ალტერნატიული კორელაციის განხილვაც.  სიმდიდრე ადამიანებს საშუალებას აძლევს,  უფრო მეტად დაინტერესდნენ გარემოს ხარისხით. სიმდიდრე იძლევა ახალი ტექნოლოგიების განვითარებისა და დანერგვის,  გარემოს ხარისხის გასაუმჯობესებლი ღონისძიებების დაფინანსების შესაძლებლობებს. გარემოს დაცვის სფეროში განათლების დონის ზრდაც მნიშვნელოვნად განაპირობებს ინდივიდებისა და ინდივიდთა ჯგუფების  მიერ მომხმარებლური მიდგომით გამოწვეული გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას და სხვა.

მწვანე ეკონომიკის მნიშვნელობა თანამედროვე პირობებში კიდევ უფრო იზრდება გარემოზე ზემოქმედების გათვალისწინებით, განსაკუთრებით მდგრადი განვითარების გარემოსდაცვითი მიმართულებით (საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამა, 2017:148). გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფარგლებში არსებული გარემოს პროგრამის თანახმად, მწვანე ეკონომიკა ადამიანების კეთილდღეობისა და სოციალური თანასწორობის მთავარი შედეგია, როდესაც მნიშვნელოვნად მცირდება გარემო რისკები და ეკოლოგიური დანაკლისები (გაერთიანებული ერების გარემოს პროგრამა, 2010).

მწვანე ეკონომიკა  ეკონომიკური განვითარების ისეთ  მოდელად არის მიჩნეული, რომელიც ეყრდნობა მდგრად განვითარებასა და ეკოლოგიური ეკონომიკის ცოდნას. მწვანე ეკონომიკა პირდაპირ აფასებს ქვეყნის ბუნებრივ კაპიტალს და ქმნის დამატებით მწვანე სამუშაო ადგილებს, ამცირებს გლობალურ დათბობას, გარემოს დაბინძურებას, გარემოს დეგრადაციას, ასევე აფერხებს რესურსების არაეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობებს.

მწვანე ეკონომიკის მთელი რიგი საკითხების შესახებ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს იღებს კერძო და სახელმწიფო სექტორი, ხოლო მისი მარეგულირებელი ფუნქცია   საზოგადოებას აკისრია.  რეგულირება მწვანე ეკონომიკის  შემდეგ  მთავარ სექტორებს მოიცავს: განახლებადი ენერგია (მზის, ქარის, გეოთერმული, საზღვაო, მათ შორის ტალღების, ბიოგაზის და სითბური უჯრედების ენერგია); მწვანე შენობები (ენერგიის მწვანე მოდიფიკატორები, მწვანე პროდუქტები და მასალები); სუფთა ტრანსპორტი (ალტერნატიული საწვავი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ჰიბრიდული და ელექტროსატრანსპორტო საშუალებები); წყლის მენეჯმენტი (წყლის და წვიმის გამწმენდი სისტემები, შიდა წყლის ლანდშაფტი, წყლის გამოყენება); ნარჩენების მენეჯმენტი (უტილიზაცია, მუნიციპალური ნარჩენი მასალების გამოყენება, ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესება, გაწმენდა); მიწის მენეჯმენტი (მწვანე ეკონომიკის მნიშვნელობა თანამედროვე პირობებში, 2011:2).

მწვანე ეკონომიკის სფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად და შესაბამისი  გადაწყვეტილებების მისაღებად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია  საკუთრების უფლების სამართლებრივი რეგულირება, მით უმეტეს მაშინ, როცა რესურსებით სარგებლობის დროს ჩნდება უარყოფითი გარე ეფექტები. ზოგიერთი არაეფექტიანობის გამომწვევი მთავარი მიზეზა რესურსების საერთო და არა კერძო სარგებლობაში ყოფნა.   ქოუზის თეორიის თანახმად, თუ მხარეებს შეუძლიათ ყოველგვარი დანახარჯების გარეშე ურთიერთსასარგებლო შეთანხმება რესურსების განაწილებაზე, მაშინ საბოლოო შედეგი ეფექტიანია, მიუხედავად იმისა, როგორ განისაზღვრება საკუთრების უფლება (Coase, 1990:98, The Coase Theorem, 2011). ასეთ შემთხვევაში  სხვათა ჩარევის გარეშე გადაიჭრება გარე ეფექტების პრობლემა (Mulholland, 2011).

რესურსების განაწილებისას ნულოვანი გარიგების ხარჯების შესახებ საკითხებს  სხვა მეცნიერებიც იკვლევენ და ასაბუთებენ, რომ პრობლემის გადასაწყვეტად უმეტესად საჭიროა საკუთრების უფლებების მკვეთრად განსაზღვრა (GODŁÓW-LEGIĘDŹ,  2010).

საქართველოში საკუთრებასთან დაკავშირებული ურთიერთობები და უფლებები   განსაზღვრულია  საქართველოს კანონით  „საკუთრების უფლების შესახებ“.  საქართველოს კანონმდებლობით ასევე განსაზღვრულია ეკონომიკური სტიმულირების მექანიზმები (საქართველოს კანონი გარემოს დაცვის შესახებ, 1997).

საქართველოში  რესურსების არაეფექტიანი გამოყენების დონე ჯერ კიდევ მაღალია.  დღესაც,  გარკვეული მიზეზების გამო, ძირითადად აქცენტი რესურსით სარგებლობაზე და არა მის წარმოებაზეა გადატანილი, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში. რესურსებზე საკუთრების უფლებებს შორის ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხია მიწაზე საკუთრების ფორმების განხილვა. ზოგადად, ბოლო ათწლეულში გაზრდილია მოთხოვნა მიწაზე, განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო მიწაზე როგორც გლობალურ, ისე ცალკეული ქვეყნის დონეზე. ამ თვალსაზრისით საქართველოში  ორი ძირითადი ტენდენცია გამოვლინდა: ა) გაიზარდა მიწაზე მოთხოვნა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განსახორციელებლად; ბ) მიწაზე მოთხოვნის ზრდა დაფიქსირდა არასასოფლო-სამეურნეო აქტივობების ჩასატარებლადაც. ასეთი მოთხოვნის პირობებში სადავო გახდა ის  მიწები, რომლებსაც ფორმალურად ან არაფორმალურად ფლობის ტრადიციული სისტემებით სარგებლობენ ადგილობრივი თემები.

მიწასთან და მასთან დაკავშირებულ რესურსებზე ხელმისაწვდომობის დაკარგვა ან შეზღუდვა  ხშირად მიწის მფლობელებისა და მოსარგებლეების უფლებების შელახვას იწვევს, რაც აფერხებს პროექტების განხორციელებას, ასევე საფრთხეს უქმნის სტაბილურობას, ზრდის   სასურსათო უსაფრთხოების რისკებს და სხვა. მიწაზე მოთხოვნის ზრდითა და მიწების შეძენის პროცესის გაფართოებით გამოწვეული პრობლემებისა და რისკების მოსაგვარებლად  აუცილებელია ადამიანის უფლებების დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სურსათის, მიწისა და მიწასთან დაკავშირებული რესურსების მართვის სფეროში სტანდარტების შექმნა. ამ მხრივ საკმაოდ მნიშვნელოვანია  სხვადასხვა ქვეყანაში არსებული გამოცდილების შესწავლა და ქვეყნაზე მორგებული მოდელის შექმნა.

მიწის საკუთრებისა და სარგებლობის სფეროში ბევრი პრობლემა არაეფექტიანი  მართვით არის გამოწვეული. საკუთრებისა და სარგებლობის სისტემის რეორგანიზაცია და ევროპულ სტანდარტებთან მათი შესაბამისობა ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზაა. არანაკლებ მნიშვნელოვანია საკუთრების ფორმების ოპტიმალური შეთანაწყობა.

რესურსებზე მფლობელობსა და საკუთრების ფორმების ოპტიმალურ შეთანაწყობას მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია მათ ეფექტიან გამოყენებაში. ცხადია, რესურსის კერძო მფლობელი ცალსახად არის დაინტერესებული, ეფექტიანად გამოიყენოს. რესურსების მას ასევე  კანონიერი უფლებები გააჩნია  საკუთრებაზე და საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სამართლებრივი გზით.

მწვანე ეკონომიკური სტრატეგია დაფუძნებული უნდა იყოს აგრარული სფეროს პრიორიტეტულ განვითარებაზე. უპირველესად, აუცილებელია კანონმდებლობით გადაწყდეს მიწის საკუთრების და მფლობელობის ფორმები. საქართველოს გააჩნია უნიკალური ბუნებრივი რესურსების ეკოლოგიური ფაქტორებით ხარისხობრივად გამოყენების პოტენციური შესაძლებლობები. აღნიშნულის მისაღწევად  მიზანშეწონილია განხორციელდეს მაღალგანვითარებული რეკრეაციული კომპლექსის შექმნის პოლიტიკა.

ამრიგად, საკუთრებისა და სარგებლობის არც ერთი ფორმა, მათ შორის კერძო საკუთრება, არ არის მიზნის მიღწევის ერთადერთი გზა. საკუთრებისა და სარგებლობის ყველა უფლება იზღუდება სხვათა უფლებებით და სახელმწიფოების მიერ საზოგადოებრივი მიზნების მისაღწევად გატარებული ღონისძიებებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკუთრებისა და სარგებლობის უფლებების სრულყოფის ღონისძიებები კანონმდებლობით უნდა განისაზღვროს, ორიენტირებული უნდა იყოს  საზოგადოებრივი კეთილდღეობის მიღწევაზე და შეესაბამებოდეს სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ აღებულ ვალდებულებას. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. გაერთიანებული ერების გარემოს პროგრამა, 2010 წელი.
  2. მწვანე ეკონომიკის მნიშვნელობა თანამედროვე პირობებში, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი. http://www.bec.ge/images/doc/green%20economy.pdf
  3. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, საქართველო 2020.
  4. საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამა 2017-2021 წწ. http://moe.gov.ge/res/images/file-manager/strategiuli-dokumentebi/strategiebi-gegmebi/2017-2021
  5. საქართველოს კანონი გარემოს დაცვის შესახებ, თავი V, ეკონომიკური მექანიზმები გარემოს დაცვის სფეროში. https://matsne.gov.ge/ka/document/view/33340?publication=25
  6. Anukwonke C., Concept of Tragedy of the Commons: Issues and Applications (2015). https://www.academia.edu/13199527/Concept_of_Tragedy_of_the_Commons_Issues_and_Applications
  7. Georgeson L., Maslin M., Poessinouw M., (2017), The global green economy: a review of concepts, definitions, measurement methodologies and their interactions.
  8. კვლევა: 2018 წლის 1 იანვარს მსოფლიოში 7 444 443 881 ადამიანი იქნება. https://imedinews.ge/ge/teqnologiebi  http://discovery.ucl.ac.uk/1565542/1/Georgeson_et_al-2017-Geo__Geography_and_Environment.pdf
  9. Green Growth and Developing Countries (2012). https://www.oecd.org/greengrowth/green-development/50559116.pdf
  10. GODŁÓW-LEGIĘDŹ  A. (2010), Comparative Economic Research, The Coase theorem and idea of transaction costs–their significancefor the development of economics. file:///C:/Users/Admin/Downloads/[Comparative

  11. The Coase Theorem (2013), Economic Approaches to Law series, Edited by Richard A. Posner, Judge. https://www.e-elgar.com/shop/the-coase-theorem?___website=uk_warehouse
  12. Kharaishvili E. (2018), The Impact of Preferential Agro Credit on the Development of Agribusiness in Georgia, 2018.ECOFORUM. Volume 7, Issue 1(14).
  13. Kharaishvili E., Gechbaia B. (2017),Wine  Brand and  Wone Tourism Development  Perspectives in Georgia  Journal  Innovative Economics and Management, T. 3, Volume IV.
  14. Mulholland S. (2011),  Negative Externalities and the Coase Theorem, https://www.libertarianism.org/media/around-web/negative-externalities-coase-theorem
  15. Resource Efficiency: Potential and  Economic Implications  (2017), International Resource Panel Report.
  16. Population Growth, Resource Consumption and The Environment.  https://www.nap.edu/read/9148/chapter/5#6http://www.resourcepanel.org/sites/default/files/documents/document/media/resource_efficiency_report_march_2017_web_res.pdf
  17. Skakelja N.  (2017), Green  Economy  Opportunities For Rural Europe, EU RURAL REVIEW No 23. https://enrd.ec.europa.eu/sites/enrd/files/publi-enrd-rr-23-2017-en.pdf
  18. Coase R. (1990), The Firm, the Market and the Law, The University Chicago Press, Chicago and London.